წლევანდელ საკომპოზიციო კონკურსში გამარჯვებულის სახელია ზურა ძაგნიძე. ვულოცავთ! თბილისის ყველა კონცერტი რადიო მუზა ჩაწერს, 17 ოქტომბრის კონცერტი კი პირდაპირ გადაიცემა. "სტივენ სპილბერგის ფანტასტიკურ ფილმში "Close Encounters of the Third Kind" ხდება პირველი შეხვედრა ცოცხალ, და თანაც მუსიკალური ნიჭის მქონე უცხოპლანეტელებთან" – ვწერდით ჩვენი პირველი ფესტივალის საპროგრამო ბუკლეტში 2005 წელს. ამ ორი ასე განსხვავებული მუსკალური პლანეტის მცხოვრებნი დღეს კვლავ ხვდებიან ერთმანეთს. იმაზე, რომ სიურპრიზებს ამჯერადაც ვერ ავცდებით, ჩვენი წლევანდელი პროგრამა იზრუნებს, რომელიც ამ შესავლით გვინდა ზოგადად წარმოგიდგინოთ. თითქმის ყველა ნაწარმოები, რაც კი თბილისში და თელავში დაიკვრება, ქართული პრემიერა იქნება; მათ შორისაა გია ყანჩელის ორი დიდი კამერული ნაწარმოები 19 ოქტომბრის კონცერტზე, რომელსაც ავტორიც დაესწრება. გამონაკლისია მიხეილ შუღლიაშვილის სექსტეტი, რომელიც ერთხელ უკვე შესრულებულა თბილისში – მას აქეთ 30 წელიწადზე მეტია... აბსოლუტურ პრემიერად შეიძლება ჩაითვალოს კონცერტი ელექტროაკუსტიკური მუსიკის (რომლის ისტორია აგერ უკვე 60 წელს ითვლის) უმნიშვნელოვანესი შედევრებით, რომლებიც 18 ოქტომბერს იქნება წარმოდგენილი და კომენტირებული. პრემიერების კონტექსტშივე უნდა ვახსენოთ ფესტივალის გახსნა ტრიო Trafique-ით (17 ოქტომბერს): ორი წლის წინ დაარსებული ამ ტრიოს მთავარი მიმართულება სწორედ ახალი მუსიკის შესრულებაა, განსაკუთრებული აქცენტით ელექტრონულ და და ვიზუალურ მედიუმზე. სხვადასხვა სახის მულტიმედიალური კომპოზიცია წლევანდელ პროგრამაში კიდევ რამდენიმეა, მაგალითად იანის კირიაკიდესის ნაწარმოები, ქართულ-შვეიცარიულ-გერმანული ანსამბლის შესრულებით 20 ოქტრომბრის კონცერტში. რა თქმა უნდა, მსოფლიო პრემიერებიც არ აკლდება წლევანდელ ფესტივალს: ზვიად ბუცხრიკიძის, ნიკა მაჩაიძის, რეზო კიკნაძის და რუდიგერ მაიერ/მაირიციო კაგელის ნაწარმოებებთან ერთად ეს იქნება ელექტროაკუსტიკური ნაწარმოები, გამარჯვებული ფესტივალის ტრადიტიულ საკომპოზიციო კონკურსში, რომლის თემა წელს სწორედ ელექტროაკუსტიკური მუსიკა იყო. კვლავ გველის შეხვედრა 2005 წლის ლაურეატ რუსუდან მეიფარიანთან და მის (საუკეთესო გაგებით) თავისებურ მუსიკასთან. რაც შეეხება იმპროვიზაციებს (ისინი ხომ ყოველთვის მსოფლიო პრემიერებია!..) - ასევე მრავლად გველის, განსაკუთრებით კი ლუკას ნიგლის ტრიო ZOOM (18 ოქტომბერს) უნდა ვახსენოთ, რომელსაც ევროპაში უკვე კულტ-ბენდის სტატუსი აქვს და რომლის მუსიკისთვის „ჯაზის“ ეტიკეტი უდავოდ ფერს გაუკრთობდა ექპერიმენტული და სალაღობო საწყისების ამ სრულიად ბუნებრივ, ძალდაუტანებელ ნაზავს. ხსენების ღირსი, რა თქმა უნდა, სხვაც ბევრია, ამიტომაც გთავაზობთ, სრულად გაეცნოთ ამ პროგრამას – იმედი არ გაგიცრუვდებათ. ადამიანებს და ორგანიზაციებს, ვინც ამ ფესტივალის განხორციელებაში გვეხმარება, ყველას ერთად ვუხდით მადლობას, - ცალკე კი გვინდა ვახსენოთ საქართველოს კულტურის სამინისტრო, შვეიცარიული კულტურის ფონდი პრო ჰელვეცია და მარჯანიშვილის თეატრი, რომელიც, უკვე ნაცნობ კონსერვატორიის მცირე დარბაზთან ერთად, წლევანდელი ფესტივალის მასპინძელი იქნება. Close Encounters-ის იდეის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა ორმხრივობაა – შვეიცარიის ოთხ დაგეგმილ კოცერტს 2008 წლის თებერვალსა და მარტში ამჯერად ციურიხი, ვინტერტური და უსტერი უმასპინძლებს. ჩლოსე Close Encounters 2007/2008 ფესტივალის საინტერესო საღამოების მოლოდინით და თქვენთან შეხვედრის სიხარულით ფელიქს პროფოსი |